PDF
დაბრუნდით უკან

ბოლოს განახლდა: 21/09/2023

ონლაინ გადახდების დამუშავება

განმარტებები

გენერალური ხელშეკრულება - მომსახურების გენერალური ხელშეკრულება, რომლის პირობების მოქმედება ვრცელდება მერჩანტზე.  

მერჩანტი - Paysera სისტემის კლიენტი, რომელიც ყიდის საქონელსა ან/და მომსახურებას და სარგებლობს სისტემაში მითითებული, Paysera-ს მიერ მოწოდებული მერჩანტების გადახდების შეგროვების ერთი ან მეტი მომსახურებით.
(*განმარტება: როდესაც გენერალური ხელშეკრულების და მისი დანართების დებულებების მოქმედება ვრცელდება ყველა კლიენტზე - როგორც მერჩანტზე, ასევე სხვა კლიენტებზე - გამოიყენება ტერმინი "კლიენტი", ხოლო როდესაც დებულებები ვრცელდება მხოლოდ მერჩანტზე, გამოიყენება ტერმინი "მერჩანტი").

მყიდველი - გადამხდელი ან/და გადახდების შეგროვების სისტემის გამოყენებით გაყიდული მერჩანტის მომსახურებისა ან/და საქონლის საბოლოო მიმღები.

პროექტი - მერჩანტის მიერ მოწოდებული საქონლისა ან/და მომსახურების დეტალური აღწერა, სისტემაში მითითებული მეთოდებით მყიდველებისგან საქონლისა ან/და მომსახურებისთვის გადახდების შეგროვების მიზნით.

შეთანხმება - წინამდებარე დოკუმენტი ონლაინ გადახდების დამუშავებასთან დაკავშირებით, რომელიც განთავსებულია Paysera-ს ვებ გვერდზე და წარმოადგენს მომსახურების გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

ზოგადი დებულებები

1. ონლაინ გადახდების შეგროვების მომსახურება შესაძლებლობას აძლევს მერჩანტს, შეაგროვოს გადახდები მყიდველებისგან Paysera ანგარიშის, სისტემაში მითითებული ელექტრონული საბანკო სისტემების, სისტემაში მითითებული საკრედიტო და სადებეტო ბარათების, Paysera-ს მიერ გაცემული საგადახდო ინსტრუმენტების და სხვა მეთოდების გამოყენებით. 

2. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისას, მერჩანტზე სრულად ვრცელდება გენერალური ხელშეკრულებისა და წინამდებარე შეთანხმების პირობების მოქმედება. წინამდებარე შეთანხმებაში არსებული ტერმინები გამოიყენება გენერალურ ხელშეკრულებაში განსაზღვრული მნიშვნელობებით, თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა განმარტება/მნიშვნელობა არ არის გათვალისწინებული).

3. ონლაინ გადახდების შეგროვების მეთოდები მოცემულია აქ . ონლაინ გადახდების შეგროვების კონკრეტული მეთოდის არჩევა მერჩანტის მიერ ხორციელდება პროფილში პროექტის რეგისტრაციით (Paysera-სთვის წარდგენის გზით). 

4. ამ მომსახურებით სარგებლობისთვის, მერჩანტმა Paysera-ს უნდა წარუდგინოს საკუთარი პროექტი და Paysera-ს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები, საჭიროების შემთხვევაში.

Paysera-ს უფლებამოსილია, არ დაადასტუროს მერჩანტის პროექტი და არ მოემსახუროს მას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

6.მომსახურების მიწოდება იწყება მას შემდეგ, რაც Paysera დაადასტურებს მერჩანტის პროექტს და მერჩანტი შეასრულებს ინტეგრაციის პროცედურას Paysera-ს მიერ განსაზღვრული ინტეგრაციის ინსტრუქციების მიხედვით. მერჩანტს გადახდების შეგროვება შეუძლია მხოლოდ იმ ელექტრონული მაღაზიებიდან და მხოლოდ იმ ვებ გვერდის მისამართიდან (URL), რომლებიც მითითებულია მერჩანტის მიერ წარმოდგენილ და Paysera-ს დადასტურებულ პროექტში. დადასტურებულ პროექტში ასახული ინფორმაციის/მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, მერჩანტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს Paysera-ს აღნიშნული შესახებ. დადასტურებულ პროექტში ცვლილებების წარდგენა და დადასტურდება ხორციელდება იმავე პროცედურით, როგორც თავად პროექტი.

7. Paysera-ს მიერ ონლაინ გადახდების შეგროვების მომსახურების გაწევის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მერჩანტის მიერ გადახდების შეგროვების მეთოდებში “Paysera ანგარიშის მეშვეობით” გადახდების მიღების მეთოდის ჩაშენება და გამოყენება, მიუხედავად მერჩანტის მიერ გამოსაყენებელი ონლაინ გადახდების შეგროვების მეთოდების რაოდენიბისა და ტიპისა. თუ მერჩანტი არღვევს აღნიშნულ პირობას, ონლაინ გადახდების შეგროვების სხვა მეთოდები გაითიშება მერჩანტისთვის შეტყობინების გაგზავნიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში. თუ მერჩანტი განმეორებით დაარღვევს აღნიშნულ პირობას, Paysera უფლებამოსილია წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეწყვიტოს მომსახურების მიწოდება.

8. მერჩანტზე, რომელსაც სურს საკრედიტო და სადებეტო ბარათებით გადახდების შეგროვების მომსახურებით სარგებლობა, მასზე დამატებით ვრცელდება დანართი "საგადახდო ბარათით ონლაინ გადახდების მიღების შესახებ". მერჩანტი ვალდებულია დაეთანხმოს ზემოაღნიშნული დანართის ყველა მოთხოვნას.

9. თუ მერჩანტი წარმოადგენს იურიდიულ პირს, აღნიშნული შეთანხმების პირობებზე დათანხმებით, მერჩანტი ადასტურებს, რომ პირს, რომელიც მოქმედებს მერჩანტის სახელით, აქვს ყველა საჭირო უფლებამოსილება შეუკვეთოს აღნიშნული მომსახურება იურიდიული პირის სახელით. მერჩანტი ვალდებულია Paysera-ს მოთხოვნის საფუძველზე წარადგინოს ყველა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ამგვარი უფლებამოსილების დასადასტურებლად.

ტარიფები და გადახდის პროცედურები

10. ონლაინ გადახდების შეგროვების მომსახურების ტარიფები მოცემულია აქ . მმერჩანტი ადასტურებს, რომ იგი გაეცნო გადახდების შეგროვების, გადარიცხვებისა და Paysera-ს ყველა სხვა მომსახურების პირობებსა და ტარიფებს, რომლებიც ვრცელდება და ეხება მერჩანტს.  

11. თანხის ოდენობა (საკომისიო გადასახადი), რომელიც ეკუთვნის Paysera-ს, ავტომატურად ჩამოიჭრება მას შემდეგ, რაც მერჩანტს ჩაერიცხება თანხა. თუ საკომისიო გადასახადი არ ჩამოიჭრება ტრანზაქციის შესრულებისას, Paysera-ს აქვს უფლება ჩამოჭრას საკომისიო გადასახადი მოგვიანებით. საკომისიო გადასახადი გამოითვლება თეთრებში (ან ტრანზაქციის შესაბამის ვალუტაში) და მრგვალდება მეტობით.

12. მერჩანტი იღებს ვალდებულებას არ დააწესოს რაიმე სახის დამატებითი გადასახადი, როდესაც მყიდველი ირჩევს Paysera სისტემის, და არა სხვა საგადახდო სისტემის მეშვეობით, გადახდას. ასევე არ დააწესოს რაიმე სახის დამატებითი შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა იყოს დისკრიმინაციული იმ მყიდველის მიმართ, რომელიც ირჩევს Paysera სისტემის მეშვეობით ანგარიშწორებას, ისევე როგორც სისტემაში შეთავაზებული საგადახდო მეთოდ(ებ)ის გამოყენებისას.

13. Paysera მიიღებს მყიდველისგან საგადახდო დავალებაში (დოკუმენტში) მითითებულ თანხას და ავტომატურად აცნობებს მერჩანტის საინფორმაციო სისტემას დასრულებული გადახდის შესახებ. Paysera სისტემა ასევე აცნობებს მყიდველებს მოლოდინის რეჟიმში მყოფი საგადახდო დავალების შესახებ. მერჩანტი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, უარი თქვას აღნიშნულ ფუნქციაზე.

14. Paysera აცხადებს და მერჩანტი ადასტურებს, რომ ინფორმირებულია და იაზრებს, რომ გადახდების გარკვეული მეთოდებისთვის (მაგ. გადახდის ინიციირების მომსახურება) მყიდველის წარმატებული გადახდის შესახებ ინფორმაცია ნიშნავს მხოლოდ მყიდველის მიერ გადახდის შესრულების დადასტურებას და არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს/ნიშნავს გადახდის მიღების დადასტურებას. Paysera არ იძლევა გარანტიას, რომ მყიდველი მოგვიანებით არ გააუქმებს გადახდას და რომ თანხები აუცილებლად ჩაირიცხება მერჩანტის ანგარიშზე. გადახდის მიღებამდე მომსახურების გაწევისას ან საქონლის გაყიდვისას (ან როდესაც გადახდა დარეზერვებულია წინამდებარე ხელშეკრულების პირობების მიხედვით), მერჩანტი მოქმედებს საკუთარი რისკის ქვეშ. მერჩანტს შეუძლია აირჩიოს, რომ ინფორმაცია განხორციელებული გადახდის შესახებ მიიღოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თანხები ჩაირიცხება მის ანგარიშზე.

15. Paysera საქონლისა და მომსახურებისთვის გადახდილ მერჩანტის კუთვნილ თანხებს რიცხავს მერჩანტის Paysera ანგარიშზე, რომელიც გახსნილია გენერალური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

16. მერჩანტის ცალკეული მოთხოვნისა და Paysera-ს თანხმობის საფუძველზე, Paysera-ს შეუძლია მისცეს შესაძლებლობა მერჩანტს აირჩიოს მის ანგარიშზე ჩარიცხული ყველა თანხის ერთ ვალუტაში ავტომატური კონვერტაციის ფუნქცია.

17. მერჩანტი ადასტურებს, რომ Paysera უფლებამოსილია მის მიერ მიწოდებული მომსახურებისთვის მერჩანტისგან მიღებული შემოსავალი ან შემოსავლის ნაწილი, თავისი შეხედულებისამებრ, გამოიყენოს მყიდველებისთვის ბონუსების ჩასარიცხად, რაც ჩაითვლება მყიდველისთვის მერჩანტის მიერ არაპირდაპირ განხორციელებულ ფასდაკლებად.

18. მერჩანტი კისრულობს ვალდებულებას/იძლევა გარანტიას, რომ გადახდისთვის Paysera სისტემის გამოყენების გამო გაყიდულ საქონელზე და/ან მომსახურებაზე არ იქნება დაკისრებული დამატებითი გადასახადი.

თანხის დაბრუნება

19. თუ მერჩანტის სასარგებლოდ მიღებული გადახდა უნდა დაუბრუნდეს მყიდველს, Paysera მერჩანტის მოთხოვნის საფუძველზე, წარდგენილი სისტემაში ან წერილობით მოთხოვნის სახით, ნაწილობრივ ან სრულად უბრუნებს მყიდველს თანხას. თანხის დაბრუნება ხდება იმავე გზით, რითაც მოხდა მისი გადახდა (თანხის დაბრუნება ნაღდი ფულის სახით არ არის შესაძლებელი). მსგავსი გადახდებისას მერჩანტის მიერ გადახდილი საკომისიო არ ექვემდებარება მერჩანტისთვის დაბრუნებას. მყიდველისთვის თანხის დაბრუნებამდე, თანხის დაბრუნების მომსახურების საკომისიო მიეთითება სისტემაში.  

20. იმ შემთხვევაში, თუ მერჩანტის სასარგებლოდ მიღებული გადახდა არაავტორიზებულია (საგადახდო ინსტრუმენტების, პაროლების ქურდობა ან სხვა შემთხვევები, როდესაც გადახდა ითვლება არაავტორიზებულად) და თანხა დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე ჩამოიჭრა Paysera-ს სახსრებიდან, მერჩანტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს Paysera-ს აღნიშნული თანხა, ასევე Paysera-ს მიერ გაწეული ყველა ხარჯი და დანაკარგი, რომელიც გამოწვეულია აღნიშნული არაავტორიზებული გადახდით, ხოლო Paysera უფლებამოსილია მერჩანტის დამატებითი თანხმობის გარეშე ჩამოჭრას აღნიშნული თანხა მერჩანტის ფულადი სახსრებიდან. Paysera არ იღებს რისკს და პასუხისმგებელობას სხვა სისტემების მეშვეობით შესრულებული არაავტორიზებული გადახდების გამო მიყენებულ ზარალზე. თუ მერჩანტს Paysera ანგარიშზე არ აქვს ზარალის/ხარჯების/დანაკარგების დასაფარად საკმარისი თანხა, ის ვალდებულია შესაბამისი თანხა Paysera-ს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში. Paysera ყოველი ასეთი შემთხვევის შესახებ ინდივიდუალურად შეატყობინებს კლიენტს ელ.ფოსტის საშუალებით.

21. მერჩანტის პროექტის კატეგორიასა და არჩეულ გადახდის მეთოდზე დაყრდნობით, Paysera-ს უფლება აქვს განსაზღვროს თანხის ის ოდენობა, რომელიც განთავსებული უნდა იყოს მერჩანტის Paysera-ს ანგარიშზე (საგადახდო რეზერვი), დავიდან გამომდინარე მყიდველების მიერ მერჩანტისათვის წარდგენილ მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით. საგადახდო რეზერვის ოდენობა თითოეული მერჩანტისთვის განისაზღვრება ინდივიდუალურად, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: 

21.1. მერჩანტი წყვეტს ბიზნეს საქმიანობას სრულად ან მის ძირითად ნაწილს; 

21.2. მერჩანტი არსებითად ცვლის ბიზნეს საქმიანობის მოდელს; 

21.3 მერჩანტის საქმიანობა ანალოგიური მომსახურების მიმწოდებელი სხვა მერჩანტების საქმიანობასთან შედარებით მომეტებული რისკის შემცველია;

21.4. შეიცვალა მერჩანტის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა;  

21.5. მერჩანტი გადახდისუუნაროა ან სხვა მიზეზებით ვერ ახორციელებს ვალების დროულად დაფარვას; 

21.6. Paysera, თავისი შეხედულებისამებრ, გონივრულად მიიჩნევს, რომ მერჩანტს არ შეუძლია შეასრულოს გენერალური ხელშეკრულებითა და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

21.7. Paysera მყიდველებისგან იღებს დიდი რაოდენობის საჩივრებს, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდების შეგროვების მომსახურებასთან, თანხის დაბრუნების მოთხოვნებსა და არაავტორიზებული გადახდებთან დაკავშირებით. წინამდებარე პუნქტის მიზნებისთვის დიდ რაოდენობად მიიჩნევა მერჩანტის სასარგებლოდ შესრულებული საგადახდო ოპერაციების 2%-ზე მეტი. 

22. მხარეებს შეუძლიათ ცალკე გარიგებით შეთანხმდნენ საგადახდო რეზერვის ოდენობასა და მისი განთავსების ვადაზე. 

23. Paysera ულფებამოსილია, დროებით დააკავოს (დაარეზერვოს) მერჩანტის Paysera-ს ანგარიშზე ჩარიცხული გადახდები. მსგავსი დაკავების სტანდარტული ვადა და პროცენტი მოცემულია აქ . Paysera ულფებამოსილია, შეცვალოს აღნიშნული პროცენტის ოდენობა და ვადა მერჩანტის 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე ინფორმირების გზით. თუ მყიდველი გააუქმებს გადახდას ან Paysera არ მიიღებს გადახდას სხვა რაიმე მიზეზით, Paysera დაკავებულ თანხას ჩამოჭრის მერჩანტის ანგარიშიდან.

მომსახურების ტექნიკური ინტეგრაცია

24. მერჩანტი, რომელსაც სურს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ონლაინ გადახდების შეგროვების მომსახურებით სარგებლობა, ვალდებულებას იღებს დაუკავშიროს საკუთარი სისტემა Paysera-ს სისტემას, Paysera-ს მიერ მოწოდებული ინსტრუქციების შესაბამისად (ინსტრუქციები განთავსებულია აქ). აქ .

25. მერჩანტი იაზრებს და თანახმაა, რომ არასწორმა ინტეგრაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემის დამატებითი დატვირთვა, რაც არ არის სასურველი და მისაღები; შესაბამისად, მერჩანტი იღებს ვალდებულებას/იძლევა გარანტიას, რომ ინტეგრაცია შესრულდება ინსტრუქციების მკაცრი დაცვით.

26. Paysera უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეცვალოს მომსაუხრების ტექნიკური ინტეგრაციის გადაწყვეტა. ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც საჭიროებს შესწორებებს/ცვლილებებს მერჩანტის პროგრამულ უზრუნველყოფაში, მერჩანტს ეცნობება მინიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) დღით ადრე. მერჩანტი იაზრებს და ადასტურებს, რომ Paysera-ს მიერ ინტეგრაციის ინსტრუქციების ცვლილებისა და აღნიშნულის შესახებ მერჩანტისთვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, მერჩანტი ვალდებულია, არაუგვიანეს შეტყობინების მიღებიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში, განაახლოს მის მხარეს არსებული სისტემების კავშირი საკუთარი ხარჯით. მერჩანტის მხარეს საჭირო ყველა ცვლილება სრულდება მერჩანტის ხარჯზე.

მხარეთა გარანტიები და თანხმობები

27. მერჩანტი იღებს ვალდებულებას, ყოველთვის აცნობოს მყიდველს, რომ გადახდის შესასრულებლად გამოიყენება Paysera სისტემა.

28. თუ მერჩანტის კონკრეტული ქმედების განსახორციელებლად საჭიროა მყიდველის პერსონალური მონაცემები (მაგალითად, ID ნომერი) და მერჩანტი სარგებლობს მყიდველის მონაცემთა გადაცემის მომსახურებით, Paysera უზრუნველყოფს, რომ მყიდველმა გადახდის ავტორიზაცია შეძლოს მხოლოდ მაშინ, როცა დათანხმდება მერჩანტის მიერ მოთხოვნილი მონაცემების მერჩანტისთვის გადაცემას.

29. მერჩანტს ეკრძალება ბანკების ან სხვა საგადახდო სისტემების ლოგოტიპების გამოყენება, აღნიშნული ლოგოტიპების მფლობელის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვა სისტემის მფლობელი არ ითხოვს მსგავს თანხმობას.

30. თუ მერჩანტის ვებ გვერდზე იყენებს ბანკების ან სხვა საგადახდო სისტემის ლოგოტიპებს, სახელწოდებას ან სხვა ინფორმაციას, აღნიშნული მონაცემები აღებულ უნდა იქნას Paysera სისტემიდან, რათა მონაცემები შეესაბამებოდეს მონაცემთა მფლობელის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. მერჩანტი იღებს ვალდებულებას თვალყური ადევნოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლოგოტიპს, სახელწოდებას ან სხვა ინფორმაციას და განაახლოს ასეთი მონაცემები მის ვებ გვერდზე შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში.

31. მერჩანტის Paysera სისტემაში რეგისტრაციით ადასტურებს და იძლევა გარანტიას რომ მყიდველისათვის მომსახურების გაწევისა და საქონლის მიყიდვისას, ის იმოქედებს კეთილსინდისიერად Paysera-ს, მერჩანტისა და მყიდველის ინტერესებთან შესაბამისად. მერჩანტის ელექტრონული მაღაზიის ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე/კონტენტზე სრულად პასუხისმგებელია მერჩანტი. ასევე მერჩანტი ვალდებულია, ჯეროვნად მოემსახუროს მყიდველებს და იღებს სრულ პასუხისმგებლობას მისი მომსახურების/პროდუქტების ხარისხსა და დროულობასთან დაკავშირებით.

32. მერჩანტი ადასტურებს, რომ მას აქვს ყველა საჭირო უფლება/ნებართვა საქონლისა ან/და მომსახურების გასაყიდად და უზრუნველყოფს, რომ სისტემა არ იქნება გამოყენებული მესამე პირთა მიერ, რომელთაც არ აქვთ სისტემით სარგებლობის უფლება.

33. მერჩანტი იძლევა გარანტიას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან, საქონლის გაყიდვასა და/ან მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული მისი ყველა ქმედება შესაბამისობაში იქნება საქართველოსა და იმ სახელმწიფოს კანონმდებლობასთან, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება მომსახურების მიწოდება/საქონლის გაყიდვა. მერჩანტს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეულ ყველა შედეგზე.

34. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისას, Paysera არ არის პასუხისმგებელი მერჩანტის მიერ გაყიდულ საქონელზე ან/და მომსახურებაზე და საქონლის გაყიდვისა ან/და მომსახურების მიწოდების შედეგად წარმოშობილ შედეგებზე. Paysera ასევე არ იძლევა გარანტიას, რომ მერჩანტის მიერ დადებული გარიგების მეორე მხარე (მყიდველი) შეასრულებს ტრანზაქციას (მაგ. არ გააუქმებს გადახდას ან განახორციელებს სხვა ქმედებებს). თუ მერჩანტის მიერ დადებული გარიგების მეორე მხარე (მყიდველი) არ შეასრულებს ტრანზაქციას, აღნიშნული მიიჩნევა მყიდველის ვალად ან მყიდველის მიერ მერჩანტის წინაშე ნაკისრი ვალდებულების სხვაგვარ დარღვევად. Paysera არ იძლევა მყიდველის ვინაობის ნამდვილობის გარანტიას.

35 . წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისას, Paysera ამუშავებს მყიდველის, როგორც გადამხდელის პერსონალურ მონაცემებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები რეგულირდება Paysera-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით..

36. მყიდველების პერსონალური მონაცემები, რომლებიც არ შედის ხელშეკრულების 37-ე პუნქტში მითითებული პერსონალური მონაცემების კატეგორიაში, მუშავდება მერჩანტსა და Paysera-ს შორის გაფორმებული პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულების შესაბამისად.

37. მხარეები (მერჩანტი და Paysera) იღებენ ვალდებულებას, არ შეინახონ მყიდველის საგადახდო ინსტრუმენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, უზრუნველყონ მყიდველის საგადახდო ინსტრუმენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და იძლევიან გარანტიას, რომ ასეთი მონაცემები არ გახდება ცნობილი მესამე პირებისთვის, მათ შორის, მერჩანტის თანამშრომლებისთვის.

38. მერჩანტმა, რომელიც სარგებლობს Paysera-ს მომსახურებით ბიზნეს ან პროფესიული ინტერესებისთვის, რეკომენდირებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საკუთარ ვებ გვერდზე განათავსოს Paysera-ს "სანდოობის ნიშანი (trust badge)" Paysera სისტემაზე მითითებით,ამინსტრუქციების შესაბამისად.

39. მერჩანტი ეთანხმება მისი ლოგოტიპის ან/და მის მიერ შეთავაზებული მომსახურების ან/და პროდუქტის აღწერის სისტემაში გამოჩენას. Paysera-ს უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წაშალოს ასეთი აღწერილობა სისტემიდან, ყოველგვარი გაფრთხილებისა და მიზეზის მითითების გარეშე.

40. მერჩანტი იღებს ვალდებულებას, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ცვლილების განხორციელებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე, შეატყობინოს Paysera-ს ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის მერჩანტის (მის მიერ წარმოდგენილი იურიდიული პირის) სამართლებრივი სტატუსის, საქმიანობის ტიპის, ხელმოწერის უფლების მქონე პირების, ინტერნეტ მისამართისა და სხვა ინფორმაციის ცვლილების შესახებ, რომელთა ცვლილებამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს გენერალური ხელშეკრულებისა და წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე. მერჩანტი პასუხისმგებელია ყველა იმ შედეგზე, რომელიც წარმოიქმნება აღნიშნული ვალდებულებების არასათანადო შესრულებისა ან/და ზემოაღნიშნული ინფორმაციის დროულად არ მიწოდების შედეგად.

41.მერჩანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს Paysera-ს ნებისმიერი ისეთი გარემოების შესახებ, რომელმაც გამოიწვია, შეეძლო გამოეწვია ან შეიძლება გამოიწვიოს საინფორმაციო სისტემების დაზიანება ან/და წინამდებარე შეთანხმების შეუსრულებლობა, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაციის შესახებ, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს წინამდებარე შეთანხმების ჯეროვნად შესრულებისთვის.

აკრძალული საქმიანობა

42. აკრძალული საქმიანობა განსაზღვრულია გენერალური ხელშეკრულების მე-9 მუხლში.

43. ონლაინ გადახდების მიღებისას მერჩანტს ასევე ეკრძალება:

43.1.არარეგულირებად ან/და არაკონტროლირებად ვირტუალურ ვალუტაში გადახდების მიღება;

43.2. საქონილის ან მომსახურების არასწორი ან არასრული ფასის მითითება;

43.3. რეკლამირება SPAM-ის გამოყენებით (მაგ. დიდი რაოდენობის ელ.ფოსტის, Skype და ICQ შეტყობინების გაგზავნა ან რეკლამირება ინტერნეტ კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით).

43.4. მყიდველისთვის გადახდების მეთოდების ტარიფების შედარების მიწოდება.

44. მერჩანტი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება ან/და გაყიდული საქონელი შესაბამისობაშია და არ არღვევს იმ კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც ხდება მომსახურების გაწევა/საქონლის გაყიდვა და რომ მოპოვებული აქვს საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ყველა ნებართვა ან/და ლიცენზია.

45. თუ მერჩანტი არ შეასრულებს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული აკრძალული საქმიანობის შეზღუდვის ვალდებულებას ან მისი ქმედებები არ შეესაბამება ან არღვევს კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობას, რის შედეგადაც Paysera-ს მიადგა ზიანი (მაგალითად, დაეკისრა ჯარიმა, მოეთხოვა ახსნა-განმარტების წარდგენა, დაიხურა ანგარიში), Paysera უფლებამოსილია მერჩანტის ანგარიშიდან ჩამოჭრას ყველა ხარჯი და ზარალი, რომელიც წარმოიშვა მერჩანტის ასეთი დარღვევის გამო. თუ მერჩანტის ანგარიშზე არ არის აღნიშნული ხარჯის/ზარალის დასაფარად საკმარისი თანხა, მერჩანტი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადარიცხოს Paysera-ს მიერ მითითებული ხარჯის/ზარალის თანხა Paysera-ს მიერ მითითებულ ანგარიშზე.

46. თუ ცხადი გახდება (მაგ. საჯარო განცხადების გზით), რომ მერჩანტს არ შეუძლია ან ვერ შეძლებს მყიდველისთვის მომსახურების მიწოდებას (მაგ. მიმდინარეობს გადახდიუუნარობის საქმის წარმოება), Paysera უფლებამოსილია შეაჩეროს გადახდების შეგროვების მომსახურება ან/და შეგროვებული გადახდების თანხების ჩარიცხვა მერჩანტისთვის (180 დღემდე ვადით), რა გზითაც იტოვებს შესაძლებლობას დაუბრუნოს თანხები მყიდველს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება, თუ მერჩანტი მყიდველს წარუდგენს მერჩანტის მიერ მომსახურების გაწევის შესაძლებლობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

47. Paysera, მოქმედებს რა გონივრულობის ფარგლებში და მერჩანტის ინტერესების გათვალისწინებით, უფლებამოსილია წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეზღუდოს მომსახურების სრული ან ნაწილობრივი მიწოდება, შეაჩეროს აღნიშნულ შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ან/და გაყინოს (დაარეზერვოს) მერჩანტის სახელით მიღებული გადახდები 180 (ას ოთხმოც) დღემდე ვადით, შეწყვიტოს სახელშეკრულებო ურთიერთობები და უარი თქვას მომავალში მომსახურების გაწევაზე, თუ ცხადი გახდება, რომ:

47.1. მერჩანტი არ ასრულებს ან არღვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ „აკრძალული საქმიანობის“ მოთხოვნებს;

47.2. მერჩანტის საქონლის ან/და მომსახურების გავრცელებამ/მიწოდებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს Paysera-ს საქმიან რეპუტაციას;

47.3. მერჩანტმა დაარღვია წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ან გაჩნდება აღნიშნული ვალდებულებების დარღვევის რეალური საფრთხე ან მომსახურების მიწოდების გაგრძელებით შეიძლება ზიანი მიადგენს მყიდველების კანონიერ ინტერესებს.

47.4. თუ მერჩანტის სასარგებლოდ მიღებული „თაღლითური“ გადახდები რაოდენობით ან თანხის ოდენობით აჭარბებს მერჩანტის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდების 1%-ს (ერთ პროცენტს). „თაღლითურ“ გადახდებს მოიცავს გადახდებს, რომლებიც განხორციელებულია უკანონოდ განკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან/და ფულადი სახსრებით და არაავტორიზებულ გადახდებს.

47.5. მერჩანტი, დადგენილი პროცედურის დარღვევით, გადახდების შეგროვების მომსახურებას იყენებს იმ ვებ გვერდის მისამართებზე (URL), რომელიც არ არის მითითებული მერჩანტის პროექტში ან მის ცვლილებაში და არ არის დადასტურებული Paysera-ს მიერ;

47.6. გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყველა სხვა შემთხვევაში.

48. Paysera დაუყოვნებლივ (ერთ საათში) აცნობებს მერჩანტს მომსახურების მიწოდების შეზღუდვის შესახებ. მომსახურების შეზღუდვიდან 2 (ორ) სამუშაო დღეში მერჩანტს ეცნობება თანხების დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ.

49. მერჩანტების, კლიენტების და მყიდველების ინტერნეტ თაღლითობისგან დასაცავად, Paysera ყოველთვის ცდილობს დროულად, ეფექტურად და ობიექტურად შეაფასოს მერჩანტისა და მყიდველის არსებული მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი დაცვის ზომები. კონფლიქტური სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში და შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან აცილების მიზნით, Paysera იტოვებს უფლებას შეწყვიტოს მომსახურების მიწოდება ან/და თანხის გადახდა. ეს უფლება არასდროს გამოიყენება იმ მერჩანტის მიმართ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით მუშაობს და სარგებლობს Paysera-ს მომსახურებით, რადგან ასეთი მერჩანტები, ჩვეულებისამებრ, ყველა გაუგებრობას აგვარებენ უშუალოდ მყიდველთან. მერჩანტის ან/და მყიდველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორის შესამოწმებლად, Paysera უფლებამოსილია მოითხოვოს ვინაობისა და შესრულებული ქმედებების დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ სიტუაციის მოგვარება შეუძლებელია დიალოგით და თუ არსებობს გონივრული ეჭვი შესაძლო თაღლითობის შესახებ, დავის და ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს და შეჩერდება მომსახურების მიწოდება და თანხის გადახდა.

50. წინამდებარე შეთანხმებითა და გენერალურ ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვების მიზანია დაიცვას Paysera, მერჩანტები, მყიდველები, სხვა კლიენტები და მესამე პირები შესაძლო ფინანსური სანქციების, დანაკარგებისა და სხვა უარყოფითი შედეგებისგან.

ინფორმაცია ხარვეზების შესახებ

51. გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, Paysera წინასწარ აცნობებს კლიენტს სისტემის, Paysera-ს მიერ მომსახურების მიწოდებაში გამოყენებული მესამე პირების სისტემების ან აღჭურვილობის ცნობილ და სავარაუდოდ მოსალოდნელი ტექნიკური გაუმართაობის შესახებ, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გავლენა Paysera-ს მომსახურების მიწოდებაზე. მერჩანტი, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ აცნობოს მყიდველებს Paysera-ს ტექნიკური გაუმართაობის, დაგეგმილი აღდგენითი და პროფილაქტიკური სამუშაოების შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მერჩანტის მიერ მყიდველებისთვის მომსახურების მიწოდებაზე ან /და საქონლის მიყიდვაზე.

პასუხისმგებლობა

54. მხარეთა პასუხისმგებლობები განისაზღვრება გენერალური ხელშეკრულების პირობებით.

60. მას შემდეგ, რაც Paysera მიიღებს მოთხოვნასა და დამატებით ინფორმაციას მყიდველისგან, Paysera დაუკავშირდება მერჩანტს მოთხოვნით, წარმოადგინოს ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების ახსნა-განმარტები და მტკიცებულებები. მერჩანტი იღებს ვალდებულებას Paysera-ს მიაწოდოს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც მოითხოვება არაუგვიანეს 3 (სამი) დღისა Paysera-ს მოთხოვნით.

61. მას შემდეგ, რაც Paysera შეაფასებს ყველა შეგროვებულ ინფორმაციას და მონაცემს, ის იღებს გადაწყვეტილებას მყიდველის ან მერჩანტის სასარგებლოდ. ვინაიდან Paysera არ არის არც სასამართლო და არც საარბიტრაჟო ტრიბუნალი, გადაწყვეტილება მიიღება Paysera-ს კრიტერიუმების შესაბამისად, რომლებიც შეესაბამება გონივრულობისა და პატიოსნების მოთხოვნებს. Paysera-ს გადაწყვეტილება არ უნდა ემთხვეოდეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მოგვიანებით მოაგვარებს დავას იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი ან მერჩანტი დავას სასამართლოში გადაიტანს. Paysera-ს უფლება აქვს უარი თქვას გადაწყვეტილების მიღებაზე ინფორმაციის ნაკლებობის ან სხვა მნიშვნელოვანი მიზეზების გამო.

62. დავის მოგვარებისას Paysera-ს უფლება აქვს დააკავოს დავაში არსებული თანხა მერჩანტის Paysera ანგარიშზე.

63. იმ შემთხვევაში, თუ Paysera მიიღებს გადაწყვეტილებას მყიდველის სასარგებლოდ, Paysera-ს უფლება აქვს დაავალდებულოს მერჩანტს დაუბრუნოს მყიდველს შესაბამისი თანხა და მიწოდების ხარჯები (ან Paysera გადასცემს მერჩანტის თანხას მყიდველს, თუ მერჩანტის სახსრები იყო დაკავებული დავის მოგვარების დროს) და ავალდებულებს მყიდველს დაუბრუნოს საქონელი მერჩანტს, მერჩანტის ხარჯებით.

64. Paysera-ს გადაწყვეტილება მყიდველისა და მერჩანტისთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა. მყიდველი და მერჩანტი იღებენ ვალდებულებას იმოქმედონ პატიოსნად და დაიცვან Paysera-ს გადაწყვეტილება.

65. წინამდებარე დანართი განსაზღვრავს მომსახურების უშუალო მიმწოდებლის მოთხოვნებს მომსახურების უშუალო მომხმარებლების მიმართ - მერჩანტები- რომელთა დაცვის ვალდებულებასაც მერჩანტი კისრულობს. იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი მომსახურების პროვაიდერი აკისრებს პასუხისმგებლობას Paysera-ს მერჩანტის მოვალეობების დარღვევის გამო, მერჩანტი ანაზღაურებს ყველა შესაბამის პირდაპირ და არაპირდაპირ ზიანს.

66. აღნიშნული დანართის დებულებები, რომლებიც არეგულირებს მყიდველებსა და მერჩანტებს შორის დავის განხილვას, არ ართმევს მყიდველს და მერჩანტს უფლებას მიმართონ სასამართლოს ან სხვა კომპეტენტურ დაწესებულებას, მათი დარღვეული უფლებების დასაცავად.

ხელშეკრულების ისტორია

ონლაინ გადახდების დამუშავება ელექტრონული ბანკისა და სხვა სისტემების საშუალებით ხელშეკრულების ვერსია 27.10.2020 წლამდე